შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტი ინიცირებულია

18 სექტემბერი 2018

 

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ს. კილაძე, დ. ცქიტიშვილი, ა. ზოიძე, თ. ხულორდავა) ინიციატივა - შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტი. რომლის შესაბამისად:

  • კანონის მოქმედების სფერო გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ (არა მარტო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაობზე), მათ შორის  შრომის კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ. გამონაკლისია ძალოვანი უწყებები, თუკი მათი სპეციალური კანონმდებლობით ეს საკითხები იქნება მოწესრიგებული

  • პროექტი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებებს სხვადასხვა მიმართულებით: მან უნდა დაიცვას განსაზღვრული ნორმები და წესები, ჩაუტაროს დასაქმებულებს ტრენინგები და ინსტრუქტაჟი და.ა.შ

  • დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს კანონით განსაზღვრული აკრედიტებული პროგრამა.  თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

  • ამ ცვლილებებით ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად

  • გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელები: არარსებითი და არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში იქნება გაფრთხილება და  ჯარიმა; კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში - სამუშაო პროცესის შეჩერება. განსაზღვრულია თითოეულის შემთხვევაში პროცედურა.

  • პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს   ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლისთვის და   სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.

  • ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში დამოკიდებულია სუბიექტის შემოსავლის/ბრუნვის რაოდენობასთან

  • 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, 1 იანვრის შემდეგ კი სრულად ამოქმედდება

ვრცლად ინიციატივა იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16349

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (მ. ჯაში, გ. მარგველაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, ს. ნოზაძე) ინიციატივა განათლების ხარისხის განვითარების შესახებ  კანონში ცვლილების შესახებ. როგორც ინიციატორები უთითებენ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მათვის ავტორიზაციისათვის გონივრული ვადის მიცემის საკითხი". წარმოდგენილი ცვლილებით  ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზებულად ჩაითვლებიან 2020 წლის პირველ იანვრამდე.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16348

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტორი: ფინანსთა სამინისტრო) სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატივის შესაბამისად:

  • ლარში ანგარიშსწორების ვალდებულების ზღვარი 100 000-დან იზრდება 200 000 ლარამდე

  • 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული სესხის საპროცენტო განაკვეთთან და ჯარიმების ლიმიტებთან დაკავშირებული შეზღუდვები გავრცელდება ლიზინგის ხელშეკრულებაზეც  (მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16350

4. ბიუროზე დარეგისტრირდა უმცირესობაში შემავალი ფრაქციების („ევროპული საქართველო",  „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები“) ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ:   

  • პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის განახევრებას

  • ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე -  ინიციატორის მითითებით, დაახლოებით 310 მილიონი ლარით შემცირდება

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16341

5. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია) ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის მიხედვით:

  • „თვითმმართველობის ორგანოების" ნაცვლად, ხდება მითითება ტერმინების -  „თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები"

  • ემატება ჩანაწერი „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.“

  • განისაზღვრება რომ მერი უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებას კანონმდებლობის შესაბამისად

  • ხდება მითითება რომ  სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის დაცვით (ნაცვლად პროპორციულობის პრინციპისა)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16343

6. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლ. წევრების (დ. ცქიტიშვილი და ა. ზოიძე) ინიციატივა პროფესიული კავშირების შესახებ ახალი კანონის შესახებ. აქამდე მოქმედი კანონი იყო ჩვეულებრივი კანონი და ამ ინიციატივით გათვალისწინებულია რომ გახდეს ორგანული კანონი. მიზეზად მითითებულია ის ფაქტი რომ  პროფკავშირების შესახებ ჩანაწერი გაჩნდა კონსტიტუციაში, შესაბამისად უნდა დარეგულირდეს ორგანული კანონით. პროექტი, ამჟამად მოქმედი კანონის მსგავსად განსაზღვრავს: მოქმედების სფეროს, პროფკავშირის ძირითად უფლებებს, კერძოდ მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლებას, შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლებას და სხვა უფლებებს. მოქმედი კანონი ცხადდება ძალადაკარგულად. 

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16346

7. ბიუროზე დარეგისტრირდა ემზარ კვიციანის (ავტორი: ზვიად ტომარაძე) ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული უნდა იყოს დასჯადი ქმედება და გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული

  • უთითებენ რომ აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16324

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით