სახელმწიფო დაცვით სარგებლობის წესები იცვლება

07 სექტემბერი 2018

1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • პრეზიდენტს პერსონალური დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუნარჩუნდება. მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი  იქნება დაცვის მოქმედების გაგრძელება 1 წლით პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში. ამისათვის მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ უნდა იყოს  კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და უნდა არსებობდეს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. იგივე წესი მოქმედებს თანამ. პირთა ოჯახის წევრებისათვის დაცვის დანიშვნის შემთხვევაზეც

  • დასაცავ ობიექტთა შორის სახელმწიფო ობიექტებთან ერთად განისაზღვრება სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის საქართველოს აეროპორტების სამთავრობო და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთათვის გამოყოფილი დარბაზები და გასასვლელები, ხოლო ამ კონკრეტულ ობიექტზე მომსახურების წესის და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას;  

  • დაცვით სარგებლობაზე დასაცავი პირის გადაწყვეტილებით, მის მიმართ შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს დაცვის ღონისძიებათა განხორციელება

  • განისაზღვრება რომ  სამსახური თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ასევე საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად

  • სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ოჯახისთვის ერთჯერადი დახმარება/ხარჯების ანაზღაურება

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16290

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (აკაკი ზოიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში) ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო იმუნიზაციას, შესაბამისად სავალდებულო იქნება  სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები

  • 6 თვის განმავლობაში სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ ცვლილებასთან შესაბამისობა (პროფილაქტიკური აცრების სავალდებულოდ შემოღებასთან დაკავშირებული ტექნიკური ცვლილებებისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისას, იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16244

3. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ზ. გაბუნია, გ. გულორდავა, კ. ლურსმანაშვილი) ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • უბილეთოდ მგზავრობისას საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება ექნებათ  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16286  

4. ბიუროზე დარეგისტრირდა გ. კახიანის და გ. მაჭარაშვილის ინიციატივა სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრება:

  • პირის ორდენითა და მედლით დაჯილდოებაზე წარმდგენი სუბიექტები და დაჯილდოებული პირისათვის ორდენისა და მედლის გადაცემის წესი  

  • შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად პრემიის ლაურეტთა გამოვლენის მიზნით კანდიდატები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას  

  • „სპეციალური წოდებების შესახებ" კანონში ცვლილებით კი განისაზღვრა რომ  უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16294

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ეკა ბესელიას ინიციატივა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია უნდა დაენიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16238

6. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (კ. კუჭავა, ა. თალაკვაძე, მ. მდინარაძე) ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდება  ელექტრო ძრავიანი ავტობუსების (მათ შორის, მიკროავტობუსების) იმპორტი და მიწოდება   

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16232

7. ბიუროზე დარეგისტრირდა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება „სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად:

  • მკაფიოდ უნდა გაიწეროს სახალხო დამცველის უფლებამოსილება, მოიპოვოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.   


საკანონმდებლო წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16246

8. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (გ. მაღრაძე, თ. ჩუგოშვილი, ი. ფრუიძე, ე. ბესელია, კ. კუჭავა, გ.  კახიანი) დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების თაობაზე. (ავტორი: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“).

პროექტის მიხედვით, კონცეფციის დამტკიცების შემდეგ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ევალება:

  • კონსულტაციების საფუძველეზე დებულებაში ცვლილებების განხორციელება

  • მთავრობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით განსაზღვროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტები  

ასევე ცვლილებით მთავრობას ევალება  რომ ამ კონცეფციის და საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე შეიმუშავოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სამოქმედო გეგმა.

დადგენილების პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16224

კონცეფცია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/194981?

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით