საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე ახალი რეგულაციები ინიცირებულია

04 ივნისი 2018

ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე) ინიციატივა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზეზად ისევ კონსტიტუციასთან შესაბამისობაა მითითებული. ბოლოს შეცვლილი მე-18 მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე ცვლიან 3 კანონში ჩანაწერებს.

ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში:

  • კანონის მოქმედების სფერო განსხვავებით მოქმედი რედაქციისაგან, დამატებით ასევე არ გავრცელდება იმ მონაცემთა დამუშავებაზე რომელიც მიუკუთვნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სამართალწარმოების ინტერესებისათვის სახელმწიფო საიდუმლობას. 

  • ამავე კანონში ტერმინი „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება" იცვლება ტერმინით  „სახელმწიფო უსაფრთხოება"

ცვლილებები სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში:

  • კანონს ემატება ახალი ჩანაწერი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც  „ინფორმაცია შეიძლება აღიარებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად კანონით ან კანონით დადგენილი წესით, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად.“

ცვლილებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში:

  • პროექტის მიხედვით პერსონალურ მონაცემებთან, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციასთან ერთად  დახურულ ინფორმაციას მიაკუთვნეს პროფესიულ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია

  • თუკი მოქმედი რედაქციით ყველას აქვს  უფლება იცოდეს ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს, ახალი ცვლილებით ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიზღუდება სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად აღიარებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემებით 

  • ზოგად ნორმაში რომელიც უთითებს რომ დაუშვებელია არ იყოს საჯარო ისეთი ინფორმაცია რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს -  დაემატა პროფესიული საიდუმლოება

  • ასევე შეიცვალა პერსონალური მონაცემების საიდუმლოების შესახებ ჩანაწერი. მოქმედი რედაქციით „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა". ცვლილებით კი  საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

ინციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15731

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით