რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები ინიცირებულია

03 ოქტომბერი 2018

ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ლ. გოგიჩაიშვილი, დაჩი ბერაია, გ. გულორდავა, ც. ზურაბიანი, ბ. გეგიძე, ი. აბუსერიძე) ინიციატივა რეკლამის შესახებ კანონსა და თანმდევ პროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.   ცვლილებებით:

  • იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება  რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

  • იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ამასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა. შესაბამისი ცვლილება შედის მაუწყებლობის შესახებ კანონში.    

  • საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში ცვლილების მიზანია აიკრძალოს ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, რომლის შესაბამისად განისაღვრება რომ:   

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებულ სუბიექტებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის  განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა  გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით

  • დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში

  • ოქმებს შეადგენენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები  

ინციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16461

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი  2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი დასამტკიცებლად. დადგენილების პროექტის შესაბამისად:

  • ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2019-2021 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს

  • საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ პერიოდში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები  

  • 2019-2021 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა.

ვრცლად იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16460

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ე. ბესელისა და გ. ფოფხაძის ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტის შესაბამისად:

  • ქიმიური იარაღის კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატებისა და მათი პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-10 წლამდე. ეს ქმედებები  ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-14 წლამდე

  • პროექტი ასევე ითვალისწინებს სისხსლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის შენახვისთვის, ტრანსფერისთვის, ტრანზიტისთვის და გაგზავნისთვის.  


პროექტი  იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16462

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით