პროკურატურის შესახებ ახალი კანონის პროექტი ინიცირებულია

25 სექტემბერი 2018

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ე. ბესელია, გ. ფოფხაძე, რ. პოღოსიანი) ინიციატივა პროკურატურის შესახებ ახალი კანონის შესახებ, რომლის შესაბამისად:

  • საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე,  პროექტით გენ. პროკურორს გადაეცემა იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები (მაგ.  საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განსაზღვრავს  გენ. პროკურორი და ა.შ.)

  • საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებით,   საქართველოს ბიუჯეტში საქართველოს პროკურატურისათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით,  პროკურატურის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის, ასევე დამტკიცებული ბიუჯეტის კორექტირება შესაძლებელია გენერალური პროკურორის წინასწარი თანხმობით (ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)  

  • ამჟამად მოქმედი კანონიდან  გადმოტანილია გენ. პროკურორის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები და კანდიდატის წარდგენის წესი

  • საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციები ნაწილობრივ შეცვლილია, კერძოდ: საპროკურორო საბჭოს დებულებას ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა დაამტკიცებს საპროკურორო საბჭო,  საბჭოს თავმჯდომარე ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა იქნება საბჭოს წევრთაგან 2 წლის ვადით შერჩეული პირი; იუსტიციის მინისტრი, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი არ იქნება იმპერატიულად განსაზღვრული და მას ჩაანაცვლებს „იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი“ და სხვ.

  • უქმდება ad hoc პროკურორის ინსტიტუტი, რადგან  კონსტიტუციაში ცვლილებებით, გენ. პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმპიჩმენტის წესით  

  • პროკურატურის სისტემაში იქმნება მუდმივმოქმედი და დროებითი სათათბირო ორგანოები, რომლებიც დაკომპლექტდება არსებული ადამიანური რესურსის ხარჯზე (არ იქნება ანაზღაურებადი). სათათბირო საბჭოების გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა ასევე განსაზღვრულია ის შემთხვევები როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო საბჭო  

  • პროექტით სხვადასხვა ორგანოებთან, დაწესებულებებთან და უწყებებთან ურთიერთობის „მოქნილი მექანიზმის შემუშავების მიზნით, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად", იქმნება საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი, რომლის ფუნქციებსაც  შეითავსებს პროკურატურის ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი

  • პროკურარატურაში მისაღები კანდიდატის გადამოწმების სისტემა ინერგება - გადამოწმდება შემდეგი ინფორმაცია: ნასამართლობა და ადმინისტრაციული სახდელის დადების ფაქტი; შემოსავალთან და ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბექტებში წილთა ფლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, განათლებასთან, სამუშაო გამოცდილებასთან, აკადემიური ხარისხთან, სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემწომების დაწყებამდე საჭიროა პირის სავალდებულო თანხმობა. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატურა მოიხსნება განხილვიდან და აღარ დაექვემდებარება შემოწმებას.

  • და სხვა ცვლილებები

პროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16400

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების"  ინიციატივა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.  ინიციატივის შესაბამისად:

  • ხდება ნარკოტიკული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ნივთიერებების უკანონო მოხმარების დეკრიმინალიზაცია და გარკვეულ გარემოებებში მათ უკანონო მოხმარებასა და მცირე ოდენობით მათ უკანონო ბრუნვაზე ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში 300-და 400 ლარამდე, 500-დან 600 ლარამდე, 700-დან 5 800 ლარამდე, 1000-დან 1300 ლარამდე და 1500-დან 1900 ლარამდე ჯარიმების) დაწესება

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის (500 და 5000 ლარის ოდენობით ჯარიმების) გაუქმება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში − მინიმალური ოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმის/იცვლება 42-ე მუხლი) დაწესება.  

  • პროექტის მიხედვით, „ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანას) უკანონო მოხმარება სხვა ფიზიკური პირის თანდასწრებით ან ისეთ ადგილას, სადაც ობიექტურად არის იმის გონივრული რისკი, რომ ამ ქმედებას სხვა ფიზიკური პირი შეესწრება, ან უკანონო მოხმარება იმ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია სააღმზრედელო, საგანმანათლებლო, სასწავლო, სამედიცინო ან საჯარო დაწესებულება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო ან დაწესებულება, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილას, ამ ადგილას განთავსებულ შენობა-ნაგებობაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში" გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე ოდენობით და გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 2 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და დაჯარიმებას იმავე ოდენობით.

  • ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანას) მცირე ოდენობით უკანონო დამზადება ან წარმოება ან მცირე ოდენობით მისი შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება გამოიწვევს დაჯარიმებას 700-დან 800 ლარამდე ოდენობით და გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 2 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და დაჯარიმებას იმავე ოდენობით

  • გათვალისწინებულია ადმინისტრ. პასუხისმგებლობისაგან პირის გათავისუფლებას თუ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენამდე ნებაყოფლობით სრულად ჩააბარებს შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებას ...  ან პირი ადმინისტრაციული სახდელის მოხდის ვადის გასვლამდე „მკაფიოდ გამოხატავს შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ნარკოლოგიური დახმარების მიღებაზე თანხმობას, ამ თანხმობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, გაივლის სათანადო პროცედურებს და განზრახ თავს არ აარიდებს ნარკოლოგიური დახმარების მიღებას".

სრულად ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16395

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელების შესახებ. 

პროექტის მიხედვით:

  • მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი, კერძოდ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში

  • მკაცრდება  საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაც, კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს    

  • პროექტით  მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი უქმდება

  • შრომითი ნებართვის შემთხვევაში უცხოელებისათვის განისაზღვრება შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე   

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16397

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ:

  • პროექტის მიხედვით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს და  მათი მთავარი საქმიანობაა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და ტექმომსახურებასთან ერთად.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16389

5. ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.  ცვლილებები წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რომლითაც ითხოვენ  რომ:

  • თაბაქოზე არსებული აკრძალვები არ გავრცელდეს ელექტრონული სიგარეტსა და ახალ, არაწვად თამბაქოს ნაწარმზე

  • ამასთან ერთად პროექტში დამატებულია ნორმები, რომლის თანახმად ახალი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებული იქნებიან წინასწარ შეატყობინონ სამინისტროს განზრახვა ახალი თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსების შესახებ. იგივე ვალდებულებაა გათვალისწინებული ელექტრონული სიგარტის და შესავსები მასალების მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის

  • პროექტის ნორმების ნაწილის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წელი

საკანონმდებლო წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16454

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით