პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის სტატუსის შეცვლა გაუმართლებელია

12 დეკემბერი 2018

10 დეკემბერს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის და რატი იონათამიშვილის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის პროფესიული საჯარო მოხელისსტატუსის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსით შეცვლას. ამ ცვლილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება პრეზიდენტის ვადის გასვლისთანავე, ხოლო ახალი თანამშრომლების აყვანა შესაძლებელი იქნება უკონკურსოდ და მათი ხელშეკრულების ვადა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე იქნება მიბმული. ამით ირღვევა როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებები, ასევე საფრთხე ექმნება საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებას.

2013 წლიდან დაწყებული საჯარო სამსახურის რეფორმის უმთავრესი მიზანი იყო ჩამოეყალიბებინა ეფექტური, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, საჯარო სამსახური, რომელიც გამიჯნული იქნებოდა პოლიტიკური ცვლილებებისგან, დაეფუძნებოდა კარიერულ განვითარებას და გახდებოდა საჯარო მმართველობის უწყვეტობის გარანტი. ზემოაღნიშნული პრინციპები რეფორმის შედეგად მიღებულ ახალ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშიც აისახა.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნისკენ რეფორმების გაგრძელების ვალდებულებას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება, რომელსაც უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეები ახორციელებენ. ინიცირებული ცვლილების შედეგად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი მიენიჭება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 100-ზე მეტ საჯარო მოხელეს რაც რადიკალურად ცვლის მათ შრომით-სამართლებრივ მდგომარეობას და შინაარსს აცლის კანონის ჩანაწერს, რომელიც ადმინისტრაციაში საქმიანობას საჯარო სამსახურად მიიჩნევა.

ცვლილების აუცილებლობა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები“. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანა მოქმედი კანონმდებლობითაც შეუძლია (ძირითადად მრჩევლები და თანაშემწეები). თუმცა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი აპარატი არ შეიძლება მოვიაზროთ პრეზიდენტის ხელშემწყობ პირებად, რადგან ისინი ემსახურებიან ინსტიტუციის გამართულად ფუნქციონირებას, მათი უფლება-მოვალეობები უცვლელია პრეზიდენტის ცვლილების მიუხედავად და აღნიშნული მოვალებების წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა პირველ რიგში პროფესიონალიზმი და ინსტიტუციური მეხსიერება.

წარმოდგენილი კანონი ასევე ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N626 გადაწყვეტილების სულისკვეთებას საქმეზე „ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა ახალი გამგებლის არჩევისთანავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას მისი კვალიფიკაციის გამოკვლევის გარეშე.

მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქმნის საჯარო სამსახურის პოლიტიზების ახალ პრეცედენტს, ზიანს აყენებს რეფორმას და მოხელეთა შრომით უფლებებს.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით