მცენარე კანაფთან დაკავშირებით ინიციატივები პარლამენტს წარედგინა

17 სექტემბერი 2018

ბიუროზე დარეგისტრირებულია მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლის შესაბამისად:

  • გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში სსიპ-ის სახით იქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც  გასცემს ლიზენციებს, ზედამხედველობას გაუწევს კანაფის ბრუნვას, სალიცენზიო პირობების შესრულებას და ა.შ. სააგენტო ანაგრიშვალდებული იქნება მთავრობისა და პარლამენტის წინაშე. პარლამენტში ყოველი წლის თებერვალში წარადგენს ანგარიშს კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით.

  • ლეგალური ხდება კანაფის მხოლოდ ექსპორტისათვის წარმოება (სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით).

  • მეწარმე სუბიექტს (მხოლოდ შპს/ან სს) ექნება უფლება მოპოვოს ლიცენზია.

  • განსაზღვრულია აკრძალვები -  სად არ უნდა იყოს კანაფის საშენი მოწყობილი (საგანმანმანათლებლო დაწესებულებებიდან 500 მეტრის რადიუსში და სხვა შემთხვევები)

  • მთავრობამ  დადგენილებით  უნდა განსაზღვროს  კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივაციის, წარმოების პირობები, ასევე შიდა კვოტები, დასაშვები ტერიტორიები და კრიტერიუმები, ასევე ჯიშები

  • კანაფის მწარმოებელი პირის საქმიანობა დაიბეგრება მოგების გადასახადით (10 %-ით)

  • განისაზღვრება მოთხოვნები იმ შენობებისადმი სადაც უნდა მოხდეს კანაფის წარმოება, (სავალდებულო იქნება მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა, უნდა მოხდეს საშვით შესვლა და .ა.შ.)

  • სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება 21 წლამდე პირის კანაფის ინდუსტრიაში ჩაბმა (გათვალისწინებულია  3-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა)

  • სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 50 000 - 100 000 ლარამდე ოდენობით

კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16352

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტორი: შსს) კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტები.

ადმინისტრაციულ სამართ. კოდექსის ცვლილებების შესაბამისად:

  • კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

  • კანაფის ან მარიხუანას მოხმარება იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის)  - ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით

  • 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.  

  • სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში  ისჯება ჯარიმით 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია -  ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით

  • ამ ქმედებების ჩადენის შემთხვევაში შსს,  თავდაცვის სამინისტროსა და სუსის მოსამსახურეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, როგორც საერთო საფუძველზე, ასევე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით

  • დაწესებულების მიერ მცენარე კანაფის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება -  ფიზიკური პირის მიერ გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს 10 000 ლარით დაჯარიმებას ნაცვლად 5000 ლარისა

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში:

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის  

  • ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

  • სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ იქნება კანაფის/მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის   

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილება:

  • ნარკოტიკული/ფსიქოტროპული თრობის ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დადგენის შემთხვევაში პირს ასევე შეეზღუდება სამოქალაქო უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება).

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16373

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით