მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტს წარედგინა

02 ივლისი 2018

(ბიუროს 180-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 115 კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ინიციატივა ითვალისწინებს 10 სამინისტროს 1 მინისტრის აპარატის არსებობას;

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ;

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცემა  იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცემა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს;

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც ეხება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას, გადაეცემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ფინანსური დასაბუთება

განმარტებით ბარათში ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნულია: „კანონპროექტის მიღების შედეგად მთავრობის ახალი სტრუქტურულის დაფინანსება გაგრძლედება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ გათვალისიწნებული ასიგნებები ფარგლეში. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელი ეკონომია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით და მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშნველოვანი შემცირების ხარჯზე".

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16062

2. ბიუროზე დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის საკითხებთან დაკავშირებით.

საკ. წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16182

3. ბიუროზე დარეგისტრირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფასო იურიდიული დახმარების უფლების უზრუნველყოფას, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი

  • არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფასო იურიდიული დახმარების უფლებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვარი

  • პროექტით ასევე გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა საქმის სასამართლოში განხილვაზე მონიტორინგის განხორციელება, რომლის წესს განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საკ. წინადადება იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/16065

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა (კ. კუჭავა, ზ. ხუციშვილი, ე. მაჭავარიანი, გ. სამხარაული) „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების თაობაზე. ინიციატივის მიზანია ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. პროექტის შესაბამისად:

  • განისაზღვრება საერთ. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე ასეთი ნიმუშებით ქვეყნის ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობები.  ასევე განისაზღვრება  ნებართვების და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები და პირობები

  • განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხები კანონპროექტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის და ხდება  ჯარიმების რანჟირება ნიმუშების ჯგუფების მიხედვით

  • განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა  ორგანიზებული ჯგუფის მიერ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების არალეგალური ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში (თავისუფლების აღკვეათა 2-4  წლამდე)

ინიციატივა იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/16061

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" ინცირებული რეზოლუციის პროექტი - „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ".

რეზოლუციის პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16050

6. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშისა და ირაკლი აბესაძის ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მიზეზად მითითებულია  დაზარალებულის საკმარისი სამართლებრივი ბერკეტების არარსებობა. პროექტის მიხედვით:

  • დაზარალებულს უფლება ექნება სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

  • დაზარალებულს ასევე ენიჭება უფლება სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს მისი ასლები საქმეზე გამოძიების შემწყვეტის შემდგომ ან საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა საერთო სასამართლოების რომელ ინსტანციაშია საქმე.

  • დაზარალებულს ენიჭება უფლება, ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და ასლის გადაცემაზე ზემდგომი პროკურორის უარი გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16051

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით