მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე

28 მაისი 2018

 

მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილია ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც ცვლილებები შედის საქართველოს ორგანულ კანონებში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.“  ცვლილებათა პროექტის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება, უზრუნველყოფს საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამარტივებას.

მიგვაჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული გარკვეული ცვლილებები გააუმჯობესებს საარჩევნო ნორმებს. ასეთ ცვლილებებს განეკუთვნება, მაგალითად: არჩევნებში მონაწილეთა ხმების ცნების დაკონკრეტება, საარჩევნო პროცედურების საწყისი ვადის განსაზღვრა, საარჩევნო სიებისა და ოლქების შექმნის გამო არასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გასაჩივრების უფლების დაზუსტება, არასამთავრობო  და მედია ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივება, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად პირის დანიშვნის წრის დაზუსტება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრობის შესახებ დამაზუსტებელი რეგულაციები და სხვ.

თუმცა, ამასთან პროექტში წარმოდგენილი რიგი ცვლილებებისა არ შეესაბამება პროექტის განმარტებით ბარათში გაცხადებულ მიზანს და შესაძლოა უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. მაგალითად ცვლილებები, რომლის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა წინასაარჩევნო აგიტაციად აღარ მიიჩნევა; ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში იზრდება კანონდამრღვევ კომისიის წევრთა საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში დასაქმების პერსპექტივა და სხვ.

 

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ერთობლივ მოსაზრებებს.

  1. წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების დავიწროება

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა.“

მოსაზრება:

ცვლილებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა წინასაარჩევნო აგიტაციად აღარ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საარჩევნო კომისიის წევრებს აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ იმის მიუხედავად, ისინი საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ არიან დანიშნული თუ არა. ცვლილება პრობლემურია, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ფიქსირდება ფაქტები, როდესაც საჯარო მოსამსახურეები სამუშაო საათების განმავლობაში პარტიულ ოფისებში იმყოფებიან და პარტიული საქმეებით არიან დაკავებული. წარსულში, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ასევე კომისიის წევრებთან მიმართებაშიც.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილება წაახალისებს ასეთ ფაქტებს და საჯარო მოსამსახურეები/კომისიის წევრები კიდევ უფრო მეტად იქნებიან ჩართული პარტიულ საქმიანობაში და კიდევ უფრო რთული იქნება ზღვარის გავლება პარტიასა და საჯარო სამსახურს შორის. ამასთან, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების ინიცირება და რატომ შეუწყობს ის ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენი აზრით, ამ ცვლილებებს სრულიად საპირისპირო ეფექტი ექნება.   

  1. სპეციალური კონვერტის გაუქმება

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის 5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, არეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება.“

მოსაზრება:

2019 წლის 1 იანვრიდან  სპეციალური კონვერტი უქმდება. ცვლილებების თანახმად, სპეციალური კონვერტი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მის გამოყენებას აღარ გააჩნია რეალური დანიშნულება და ფუნქცია.

საარჩევნო კონვერტის გაუქმებამ შესაძლოა გაამარტივოს ხმის დათვლის პროცესი. თუმცა, საარჩევნო კონვერტების გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს არჩევნების გაყალბების რისკი, რადგან კონვერტის არარსებობა გაყალბების განზრახვის შემთხვევაში გააიოლებს საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას.  

  1. საარჩევნო უბანზე არსებული არასაჯარო ინფორმაციის გადაღებისა და სხვაგვარი დამუშავების აკრძალვა

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღებააკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია ამ კოდექსით.“.

მოსაზრება:

საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლით (25) იკრძალება „ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია ამ კოდექსით.“

ავტორთა მოსაზრებით, ეს ცვლილება საარჩევნო უბნებზე პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების პრაქტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნულ იდეას ვეთანხმებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩანაწერი „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია ამ კოდექსით“ - არ უნდა იძლეოდეს რაიმე სახით კანონის მიზნების საწინააღმდეგო  ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რა არის ის შემთხვევა, როდესაც „ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით და არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას?  გარდა ამისა,  „სხვაგვარი დამუშავება“ ძალიან ფართო ცნებაა, რაც შეიძლება დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის მიზნით იყოს გამოყენებული.  

  1. საარჩევნო დარღვევებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გაუქმება

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

საარჩევნო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს, პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში.

მოსაზრება:

პირი, რომლის მიმართ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, კვლავ შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებას, ვინაიდან ამ მიმართულებით არსებული აკრძალვა უქმდება. რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებებით ვერ მოხდება საარჩევნო დარღვევების შემცირება ან/და მათი პრევენცია. უფრო მეტიც, დამრღვევი პირები სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდებიან, ვინაიდან ისინი ადვილად დააკმაყოფილებენ საარჩევნო გამოცდილების არსებობის კრიტერიუმს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს საარჩევნო გამოცდილების არმქონე, თუმცა კვალიფიციურ და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე კანდიდატებთან შედარებით. ამიტომ, პირიქით, შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც საარჩევნო დარღვევების ჩადენა წახალისებულიც შეიძლება იყოს, ვინაიდან მიუხედავად ჩადენილი დარღვევებისა, დამრღვევი პირები ისევ მარტივად შეძლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში დაბრუნებას და საარჩევნო კომისიებში დასაქმებას. შესაბამისად, საერთოდ აზრს კარგავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.  

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო დარღვევებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გაუქმების ნაცვლად, უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის მოქმედების არსებული ვადების შემცირება. მაგალითად არსებული 8 წლიდან პასუხისმგელობის ხანდაზმულობის 4 წლამდე შემცირება.

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედებისათვის 1 წლიანი ვადის განსაზღვრა და მისი დაკისრებიდან 1 წელზე ადრე მოხსნის საკითხი

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს.“

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

5. კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.

6. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, როგორც მისი შეფარდება.“

მოსაზრება:

ცვლილებით მცირდება კომისიის წევრისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა და ასეთი წევრი დისციპლინურ სახდელდადებულად ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებიდან მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. ამასთან ცვლილებით ზემდგომ კომისიას შეუძლია მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა კომისიის წევრს ვადაზე ადრე.

შესაძლოა, აღნიშნული რეგულაცია (დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის 1 წლიანი ვადის დაწესება) რელევანტური იყოს საჯარო სამსახურისთვის, თუმცა აღნიშნული წესის მოქმედება სრულიად მიუღებელია არჩევნების შემთხვევაში.მსგავსი რეგულაცია მხოლოდ ხელს შეუწყობს დარღვევების გაზრდას და არაკვალიფიციური კადრების არსებობას, რომელთაც ეცოდინებათ, რომ ვერანაირი დარღვევა და პასუხისმგებლობა ვერ გახდება მომავალში კომისიაში მათი დასაქმების გამომრიცხავი გარემოება.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნაცვლად 1 წლიანი ვადის მოქმედებისა, არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის მოქმედებისთვის დადგენილი  უნდა იყოს 2 წლიანი ვადა. აგრეთვე, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს დისციპლინური სახდელის წლით მოქმედების პირობებში, ვინაიდან არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება იმის შეფასება, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა.

  1. ცესკო აღარ აწარმოებს დისციპლინურ სახდელდადებული საარჩევნო კომისიის წევრების შესახებ მონაცემთა ბაზებს

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ცესკო აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომლებიც  საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან.“

მოსაზრება:

ცვლილებების თანახმად, ცესკო აღარ აწარმოებს იმ პირთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ და რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

აღნიშნულ ცვლილებას არ ვეთანხმებით. მონაცემთა ბაზის წარმოება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აღნიშნული მონაცემები გათვალისწინებულ იქნას კომისიის წევრთა შერჩევისას და გამოირიცხოს დამრღვევ პირთა კვლავ მარტივად დასაქმება საარჩევნო ადმინისტრაციაში. გაუგებარია, თუ რატომ აღარ უნდა აწარმოოს ცესკომ აღნიშნული ბაზა.

  1. ცესკოსთვის არჩევნების შედეგების გადასინჯვის უფლებამოსილების ჩამოცილება

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი  თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ;“.

მოსაზრება:

უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. კატეგორიულად არ ვიზიარებთ ცესკოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილების ჩამოცილებას, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებით ცესკოს დონეზე გამოირიცხება არჩევნების შედეგების გადასიჯვის შესაძლებლობა. აღნიშნული დააკნინებს საზოგადოების ნდობის სტანდარტს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და სანდო რეპუტაციის მქონე ინსტიტუციის მიმართ.  გაუგებარია ლოგიკა, თუ რატომ არ უნდა ჰქოდნეს ცესკოს ეს უფლება.

  1. ცვლილებები გასაჩივრების წესში

შემოთავაზებული ცვლილება:  

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  72-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გაასაჩივროს კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  73-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნ კომისია/კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიისთავმჯდომარემ ან/და კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა, ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს, უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის/კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 დღის ვადაში. საოლქოსაარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

მოსაზრება:

ცვლილებების მიხედვით (მუხლი 73.3), ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებზე, თუ  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ან/და კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა, ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, კომისიის/კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაძლოა გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.  

გაუგებარია რითი არის განპირობებული ინიცირებული ცვლილება, როდესაც მოქმედი რეგულაციით საუბნო კომისია უფლებამოსილი არაა ამ კატეგორიის საჩივრები განიხილოს და მხოლოდ ზემდგომი კომისიისათვის გადასაცემად უნდა ჩაიბაროს ისინი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი ისედაც ითვალისწინებს შენიშვნის გაკეთების უფლებას ჩანაწერთა წიგნში, რაზეც საუბნო კომისიას შეუძლია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და შემდგომ ჩანაწერთა წიგნში აღნიშნოს, რომ „დარღვევა აღმოფხვრილია“.

მიგვაჩნია, რომ ცვლილებები ნაცვლად პროცესის გაჯანსაღებისა, მეტ სირთულეს შექმნის უბანზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუბნო კომისიის წევრები უარყოფითად ეკიდებიან საჩივრების წარდგენას, რაც იწვევს დაძაბულობას კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის. გარდა ამისა, საუბნო კომისიაში საჩივრების სავალდებულოდ წარდგენა სრულიად გაუმართლებელია, ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში დარღვევის და მოთხოვნის არსიდან გამომდინარე უბანზე საჩივრის წარდგენა აზრს მოკლებულია და კომისია მაინც ვერ ახდენს დარღვევაზე რეაგირებას ან არაუფლებამოსილია საჩივარი განიხილოს. ასეთ შემთხვევაში, საჩივრის სავალდებულოდ წარდგენა უბანზე არაგონივრულია და მხოლოდ საჩივრების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ მიზანი საჩივრის წარდგენის მსურველთათვის ზედმეტი წინაღობის და სირთულეების შექმნაა. აგრეთვე, პრაქტიკაში შეიძლება გამოიკვეთოს საარჩევნო ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაცია, რაც შესაძლობლობას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას მთელ რიგ შემთხვევებში განუხილველად დატოვოს ზემდგომ საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრები.

  1. სასამართლო პროცესზე მხარის დაბარება

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:

„33. სასამართლოების მიერ საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ცესკოს. ასევე, შესაბამისი სასამართლოს მიერ ცესკოს ეგზავნება განსახილველ საქმესთან დაკავშირებული განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ,რომლებსაც ცესკო, მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე. განჩინების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე აღნიშნული განჩინება მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულად ითვლებიან.”

მოსაზრება:

მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას  მესამე პირების  პროცესზე დაბარების უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს. ცესკოს ვებ-გვერდის გარდა, აღნიშნული პირების სასამართლოზე დაბარების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებ გვერდზეც უნდა გამოქვეყნდეს. 

  1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის ვადა

შემოთავაზებული ცვლილება:  

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“

მოსაზრება:

სააპელაციო სასამართლო აღარ დაელოდება გასაჩივრების ვადის ამოწურვას და საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ვფიქრობთ, რომ 77-ე მუხლის მე-2 პუნქტში უნდა დარჩეს დღეს არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც აპელაცია საჩივარს იხილავს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.  

  1. პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის უფლების შეზღუდვა

შემოთავაზებული ცვლილება:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-100 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.“

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31პუნქტი:

„31. მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესები.“

მოსაზრება:

პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურზე კანდიდატურის მოხსნის უფლება არ ექნება, რასაც არ ვიზიარებთ (მუხლი 105. 31). აღნიშნულ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება აზრს კარგავს, ამომრჩევლებს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება ერთმევათ და არჩევნების ჩატარებაზე დახარჯული ფინანსური რესურსიც არამიზნობრივი ხდება.

მიგვაჩნია, რომ მეორე ტურზე კანდიდატს რეგისტრაციიდან მოხსნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თუ მას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აღარ აქვს.  შემთხვევაშითუ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს არჩევნების მეორე ტურიდანსაკუთარი კანდიდატურის მოხსნა სურსკანონმა შეჯიბრებითობა და სხვა კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობისუფლება უნდა უზრუნველყოს.[1]

ჩვენი რეკომენაციია, რომ კანდიდატი, რომელსაც მეორე ტურში მონაწილეობა აღარ სურს, მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატმა ჩაანაცვლოს.

 


[1] https://www.osce.org/ka/odihr/elections/georgia/375682?download=true        

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით