ბიუროს 94-ე სხდომა (10 ოქტომბერი, 2017)

15 ოქტომბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტირდა კონსტიტუციის პროექტებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილებას,  3 % საარჩევნო ბარიერს. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესს, რელიგიური უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს, საარჩევნო წლის განმავლობაში არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ ნორმებზე მოსაზრებებს.

ვრცლად შენიშვნები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14575

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიზეზს წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კანონის არსებულ რედაქციას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად:

  • საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას”, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და განახლება მოხდება 6 წელიწადში ერთხელ. აღნიშნული პროგრამის დამტკიცება უნდა მოხდეს 2022 წლის პირველ სექტემბრამდე.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14562

3. ბიუროზე დარეგისტრირდა რ. კაკულიასა და ლ. კობერიძის ინიციატივა რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კანონპროექტების განხილვის ვადების ცვლილებას. წარმოდგენილი ინიციატივით:

  • პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. (მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია 14 დღიანი ვადა).

  • საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა (მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია 14 დღიანი ვადა).

  • იცვლება წამყვანი კომიტეტისათვის დადგენილი განხილვის ვადა და ნაცვლად 3 კვირისა წამყვანი კომიტეტი ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

  • 2 კვირის ნაცვლად 15 სამუშაო დღემდე იზრდება ვადა, რომელიც წამყვანმა კომიტეტმა უნდა დაიცვას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღების შემდგომ კანონპროექტის განხილვისათვის.

  • პროექტით დაუშვებელი ხდება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის სასესიო პერიოდის დასრულებამდე 10 დღით ადრე

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14563

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. არსებული რეგულაციებით ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას, განმეორებით 1000 ლარით დაჯარიმებას.

რეგულაცია არ გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, როგორც ინიციატორი უთითებს საქართველოს ეროვნული ბანკი, მათთან მიმართებით მოცემული კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.


კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14566

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით