საპარლამენტო კონტროლი საქართველოში

13 აპრილი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიში "საპარლამენტო კონტროლი  საქართველოში" მოიცავს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების მოქმედებას 2019 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში.

პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ანალიზი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. პროგრესის მიუხედავად, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში, კვლავ პრობლემად რჩება, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა.

კვლევის ფარგლებში შემდეგი ტენდენციები გამოიკეთა :

მიღწევები

  • ინტერპელაციისა და მინისტრის საათის ფარგლებში, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებიან პლენარულ სხდომებს და პასუხობენ დასმულ შეკითხვებს. საანგარიშო პერიოდი, ხუთი მინისტრის საათი გაიმართა (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შინაგან საქმთა მინისტრი გიორგი გახარია).   მთავრობის 3 წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სახალხო დამცველი (გიორგი გახარია, მიხეილ ბატიაშვილი, მაია ცქიტიშვილი, კობა გვენეტაძე, ნინო ლომჯარია) საკუთარი ინიციატივით წარდგა პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით ანგარიშვალდებულ ორგანოებთან 20 კითხვა გაიგზავნა;
  • პარლამენტის წევრები უფრო აქტიურად იყენებენ დეპუტატის კითხვის უფლებას, პარლამენტის 36-მა წევრმა 464 წერილობითი კითხვა გააგზავნა ანგარიშვალდებულ ორგანოებთან, აქედან 416 კითხვას გაეცა პასუხი;
  • ფრაქციები აქტიურად იყენებენ მთავრობის წევრთა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლებას. საანგარიშო პერიოდში 42-ჯერ დაიბარეს თანამდებობის პირები.  აქედან 32-ის ინიციატორი ფრაქციები იყვნენ, ხოლო 10-ის – კომიტეტები.
  • პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის 9 ჯგუფი, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს;
  • საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების კომიტეტებზე განხილვის პრაქტიკა.

გამოწვევები

  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში, ოპოზიციის როლი კანონმდებლობით სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი;
  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, პარლამენტის წევრები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, შედეგად, საპარლამენტო კონტროლი არ ეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად საკითხს და კონტროლის შედეგებიც არაეფექტურია;
  • მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს, (464 დასმული კითხვიდან 48 კითხვას პასუხი არ გაეცა, ხოლო 119 კითხვას პასუხი გაეცა დაგვიანებით), საანგარიშო პერიოდში ფრაქციებმა 32-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 20 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო კომიტეტის სხდომას;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, საპარლამენტო კონტროლი სუსტია, რასაც განაპირობებს, როგორც კანონმდებლობა და ნდობის ჯგუფის შეზღუდული მანდატი, ასევე შეზღუდული ადამიანური რესურსი;
  • პარლამენტი არ იყენებს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მაგ. ფრაქციების მიერ ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე დაბარების უფლებას და პარლამენტის მიერ   სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების ანგარიშის წარდგენის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის მიმართ;
  • კომიტეტები, ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს ყოველთვის კანონით დადგენილ ვადაში არ განიხილავენ და შესაბამის დასკვნას დროულად არ ამზადებენ. რამდენიმე შემთხვევაში, კონკრეტული დასაბუთების გარეშე, ანგარიშის განხილვის და დასკვნის მიღების ვადა გადაიწია;
  • პრობლემას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობა. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია არასისტემატიზებული სახით იძებნება, ზოგიერთი ინფორმაციის მოძიება ვებგვერდზე შეუძლებელია. კომიტეტები, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულად და საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებით გვაწვდიან.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • პარლამენტის წევრები, როგორც მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს არ უნდა იყენებდნენ მხოლოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის და საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე უნდა ხორციელდებოდეს;
  • აუცილებელია, საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ოპოზიციის როლის გაზრდა. მიზანშეწონილია, სულ მცირე, ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. პარლამენტის მიერ, მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია სავალდებულო უნდა იყოს;
  • ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტს ხელი უნდა შეუწყონ  კონტროლის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
  • კანონმდებლობაში გაიწეროს რეაგირების მექანიზმები, როდესაც მთავრობის წევრი არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში. თუ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირი არ პასუხობს წერილობით კითხვას ან არ ესწრება კომიტეტის სხდომებს, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის სისტემაც მოქმედებდეს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად;
  • გაძლიერდეს უსაფრთხოების სისტემაზე საპარლამენტო კონტროლი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე;
  • პარლამენტის კომიტეტები კანონით დადგენილ ვადებში უნდა განიხილავდნენ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს;
  • მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებების მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე და საკითხი დეტალურად განიხილებოდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე;
  • მინისტრის საათის თემატიკა არ უნდა იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ სამთავრობო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობით და უნდა ეხებოდეს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხს;
  • პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური და რიგგარეშე ანგარიშის წარდგენის, ასევე მინისტრის საათის შემდეგ, დებატები უნდა იმართებოდეს;
  • ინტერპელაცია თვეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს და საჭიროების შემთხვევაში მომდევნო დღეს გრძელდებოდეს;
  • მთავრობის წევრის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირის კომიტეტზე დაბარების პროცედურა უნდა გამარტივდეს. არსებული ჩანაწერით, თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დასწრებიდან ორი თვის ვადაში სავალდებულო წესით მოწვევა, მხოლოდ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობას შეუძლია. მიზანშეწონილია, შემზღუდველი ვადა ორი თვიდან ერთ თვემდე შემცირდეს;
  • პარლამენტის ვებგვერდზე შეიქმნას ცენტრალიზებული აღრიცხვის სისტემა, სადაც განთავსდება ინფორმაცია, მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების კომიტეტზე დაბარების შემთხვევაში, მათი მისვლის ან პარლამენტის მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შესახებ; კომიტეტები, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სრულად და გონივრულ ვადებში უნდა აწვდიდნენ დაინტერესებულ პირებს.

 

მიმაგრებული ფაილები:

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით