„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეკომენდაციები 2018 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისთვის

21 თებერვალი 2018

რეკომენდაცია #1: საპარლამენტო კონტროლის გაზრდა მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე

პრობლემა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს წარუდგინოს და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“. ამ ანგარიშების წარდგენა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და არც საკანონმდებლო ორგანო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ ახდენს ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემების განზოგადებას, შესწავლას, მონიტორინგს თუ ზედამხედველობას.

რეკომენდაცია: დადგინდეს ანგარიშების სტანდარტი და მათი განხილვის ვალდებულება კომიტეტების და ღია და გამჭვირვალერ მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ და შემუშავდეს განხილვის პროცედურა.

რეკომენდაცია #2: პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები.

პრობლემა: მე-9 მოწვევის პარლამენტში სულ 17 ანგარიში იქნა წარმოდგენილი, აქედან პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა მხოლოდ 10.

რეკომენდაცია: უნდა დადგინდეს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები, პარლამენტისათვის წარდგენილი ყველა ანგარიში უნდა განიხილებოდეს კომიტეტის ან პლენარულ სხდომაზ. აგრეთვე დადგინდეს პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემის პროცედურა და მათ შესრულებაზე პერიოდული კონტროლის მექანიზმი.

რეკომენდაცია       #3:    პარლამენტის        მიერ  თანამდებობის       პირთა          არჩევის          პროცესის გამჭვირვალობა

პრობლემა: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თანმდებობის პირთა არჩევის პროცესში და თანამდებობის პირთა არჩევის კრიტერიუმების გამჭვირვალობის ხარისხი არის დაბალი.

რეკომენდაცია: პარლამენტის მიერ თანამდებობის პირთა არჩევის პროცესი და კრიტერიუმები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს და სამოქალაქო საზოგადოება კონსულტაციების გზით უფრო დიდი ჩართულობა უნდა ჰქონდეთ თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში

რეკომენდაცია #4: განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ ინსტრუქცია

პრობლემა: 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგემით გათვალისწინებული იყო საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება განმარტებითი ბარათის ახალი სტანდარტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ცვლილებების მიღების შემდეგ მიზანშეწონილი იქნება საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავოს განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ ინსტრუქცია ან სახელმძღვანელო პრინციპები.

რეკომენდაცია: სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობით, პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება განმარტებითი ბარათის შევსების სტანდარტები და სანიმუშო მაგალითები.

რეკომენდაცია       #5:    გაფართოებული სტატისტიკური ინფორმაცია სადეპუტატო კითხვების შესახებ

პრობლემა: კითხვები და პასუხები პარლამენტის ვებ-გვერდზე ქვეყნდება, თუმცა სტატისტიკური ინფორმაცია ამ კითხვების შესახებ არ არის დამუშავებული და წარმოდგენილი ანგარიშის სახით.

რეკომენდაცია: ყოველი სესიის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს სადეპუტატო კითხვების და გაცემული პასუხების შესახებ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ჩაშლილი იქნება ავტორების, ფრაქციების, პარტიების, ადრესატების და თემატიკის მიხედვით.

რეკომენდაცია #6: პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის გამჭვირვალობის გაზრდა

პრობლემა: პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად ქვეყნდება ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ: ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ბიუჯეტიდან გახარჯული თანხა და დარჩენილი თანხა (ნაშთი). ჩაშლილი ინფორმაცია ბიუროების ხარჯების შესახებ არ არის ხელმისაწვოდმი პარლამენტის ვებ-გვერდზე.

რეკომენდაცია: პარლამერნტის ვებ გვედზე გათავსდეს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხარჯა გამოყიფილი თანხები, მაგალითად რამდენი დაიხარჯა კომუნალურ გადასახებში, საწვავის შეძენაში, თანამშრომელთა ხელფასებში, ა.შ.

რეკომენდაცია #7: კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შესახებ ინფორმაციის განთავსება პარლამენტის ვებ-გვერდზე

პრობლემა: პარლამენტის კომიტეტებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკონსულტაციო საბჭოები, რომელიც დღეს მხოლოდ რამდენიმე კომიტეტთან არსებობს. საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არის განთავსებული პარლამენტის ვებ-გვერდზე.

რეკომენდაცია: კომიტეტების ინდივიდუალურ ვებ გვერდებზე და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდეს ინფორმაცია საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის, ფორმირების წესისა და საქმიანობის შესახებ.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით