საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ბიუროზე დარეგისტრირდა

06 December 2019

1. ბიუროზე დარეგისტრირდა ცესკოს საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული ინიციატივა (ინიციატორი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) საარჩევნო კოდექსსა და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს შემდეგს:

  • აიკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების იმავდროულად ადგილობრივ დამკვირვებლებად დანიშვნა

  • ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში რეგულაციები გავრცელდება არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ნაცვლად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დროის შუალედისა        

  • საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და აფხაზეთისა და აჭარის ა. რ.უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ დაექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას. 

ინიციატივა სრულად იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/19232

 2. ბიუროზე დარეგისტრირდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის პროექტი (ინიციატორი: მთავრობა). პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ბევრ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორისაა:

  • მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი  

  • რეგისტრაცია ისევ იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. იუსტიციის მინისტრი, შესაბამისი საჭიროებისა და სათანადო ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება, ბრძანებით განსაზღვროს ის გეოგრაფიული არეალები, სადაც რეგისტრაცია შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სისტემური წესით წარიმართება 

  • სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი იქნებიან მხოლოდ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირები   

  • ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები 

  • მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი

ვრცლად ცვლილებები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/19105  


3. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია) ინიციატივა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ცვლილებებით:

  • განისაზღვრება ტერმინი - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, რომელიც გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის რეკლამას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. 

  • იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, ამ წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში  

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და არა მხოლოდ ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებულ სუბიექტებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

 ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/18975

4. ბიუროზე დარეგისტრირებულია პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, გოგა გულორდავას ინიციატივა - კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. რომლის თანახმად:

  • ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან ის ტაქსისტები, რომლებსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში აღებული ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა და 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ვერ მოახერხა ახალი ნებართვის აღება 

 ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/18944

5. ბიუროზე დარეგისტრირდა გ. კახიანის და გ. მაჭარაშვილის ინიციატივა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი პროექტით: 

  • შესაძლებელი იქნება ერთი და იგივე პირის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით არჩევა.   

  • იცვლება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება კომისიის სრული შემადგენლობის 4/5-ით

პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/18873

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.