სამინისტროების ცვლილებების შესახებ კანონპროექტები პარლამენტს წარედგინა (ბიუროს 107-ე სხდომა)

29 ნოემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მთავრობა ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას.

წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულება
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება უერთდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სამინისტროს სახელწოდება იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • იქმნება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახ. დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. შესაბამისად უქმდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ეკონომიკური საბჭო.

ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით ინიციატორი აღნიშნავს, რომ:

  • კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება
  • კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია

საკანონმდებლო პაკეტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14730

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საგადსახადო კოდექსსა და თანმდევ ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • ბაზრობის ორგანიზატორის მიერ სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ხდება ნებაყოფლობითი
  • იცვლება ბაზრობის ორგანიზატორის და ბაზრობაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირთა ვალდებულებებებთან დაკავშირებული რეგულაციები, მათ შორის განისაზღვრა მათი ვალდებულება რომ სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატით და იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურ. პირების რეესტრში, ბაზრობაზე მოვაჭრეს მიენიჭება სპეციალური სტატუსი და ისარგებლებს დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით
  • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ მუდმივი დაწესებულება საქრათველოში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა
  • იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები
  • იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე

გადავადებასთან, შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით:

  • 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება,
  • თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების ვადა 2018 წლის პირველი იანვრიდან იწევა 5 წლით, 2023 წლის პირველ იანვრამდე
  • 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14842

3. ბიუროზე დარეგისტრირდა გრიგოლ ლილუაშვილის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობზე, რომლის თანახმად:

  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად განისაზღვრება მუნიც. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (რაც ანაზღაურებადი საქმიანობაა)
  • განისაზღვრება რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე 1 მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს 4 მოადგილისა. ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით

ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენა:

  • როგორც ინიციატორი უთითებს, 64 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარს თვეში

გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან)
კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14729

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით