პარლამენტში მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი

06 თებერვალი 2018

5 იანვარს ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებიდან და გულისხმობსკანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.

ინიციირებული პროექტის მიხედვით:

  • პარლამენტის ვებ-გვერდზე ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს პეტიციის ან საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული ფორმით წარდგენას და მხარდაჭერას

  • პარლამენტის ვებ-გვერდზე დაინერგება სისტემა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება კანონპროექტზე ან მის ცალკეულ ნაწილზე.

 

ინიციატივის მნიშვნელობა

პარლამენტი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და იგი მუდმივად უნდა ისწრაფოდეს, გამოიყენოს ინტერაქტიული და ელექტრონული ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც გაზრდის მოქალაქეთა შესაძლებლობას, წვლილი შეიტანონ კანონშემოქმედებით და სხვა საპარლამენტო საქმიანობაში, აგრეთვე ხელს შეუწყობს მათ ურთიერთობას პარლამენტის წევრებთან ან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან.

მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებებით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, თუმცა კვლავ არსებობს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების სათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები  მოქალაქეებთან ინტერაქციის  და მათი საკანონმდებლო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტში არსებული ელექტრონული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება კანონშემოქმედებით პროცესში  ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციით განსაზღვრულ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც საქართველო 2015 წელს შეურთდა.

 

პეტიციების ელექტრონული სისტემა

პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეიტანონ წერილობითი ფორმით შედგენილი პეტიცია, რომელიც სახელმწიფოებრივ ან საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხს შეეხება. პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. კომიტეტი ან კომისია იღებს გადაწყვეტილებას და 1 კვირის განმავლობაში აცნობებს პეტიციის ავტორს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები აქტიურად არ იყენებენ პეტიციების წერილობითი ფორმით წარდგენის მექანიზმს. 2012 წლის 20 დეკემბრიდან - 2016 წლის 12 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მხოლოდ 19 პეტიცია დარეგისტრირდა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით გამარტივებული წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

დიაგრამა 1: პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი პეტიციები (წლების მიხედვით)

pet

ინიცირებული პროექტის მიხედვით, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოიყოფა სპეციალური განყოფილება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ელექტრონული პეტიციის ფორმის შევსებას და პარლამენტისთვის გადაგზავნას. პროექტის მიხედვით, პეტიციის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, პეტიციის ავტორს ექნება ვალდებულება, პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს არანაკლებ 300 პირის მიერ ელექტრონული ან წერილობითი ფორმით დადასტურებული ხელმოწერა.

ხელმოწერების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. შესაბამისი კომიტეტი ან კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

  • მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას უშუალოდ კომიტეტის/კომისიის მიერ ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე;

  • პეტიციას უგზავნის შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას;

  • მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2 კვირის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე.

 

საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის ელექტრონული სისტემა

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის  მიხედვით, მოქალაქეებს აქვთ უფლება, საქართველოს პარლამენტში წარადგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რისთვისაც უნდა შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების არანაკლებ 30 000 ხელმოწერა. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვების შესაძლებლობას. ელექტრონული შესაძლებლობის დანერგვა და პროცედურის გამარტივება ხელს შეუწყობს  მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების აქტიურ გამოყენებას.  

 

დიაგრამა 2: მოქალაქეების არანაკლებ 30 000 ხელმოწერით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები (წლების მიხედვით)

tet

დიაგრამა 3: მოქალაქეების არანაკლებ 30 000 ხელმოწერით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები (თემების მიხედვით)

pett

კანონპროექტის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ერთ-ერთს:

  • არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერის ფურცლებს

  • ინფორმაციას, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ

  • თანდართული ხელმოწერის ფურცლებს და ინფორმაციას შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ, რომელიც ადასტურებს მთლიანობაში არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერას

პარლამენტის ვებ-გვერდის საშუალებით ხელმოწერების შეგროვება ხდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ელექტრონული ფორმით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

კანონპროექტებზე გაკეთებულ კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმი

პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე არსებობს კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა არ არის დანერგილი უკუკავშირის მექანიზმები. შესაბამისად, მოქალაქეების კომენტარები არ ეგზავნებათ პარლამენტარებს და არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ აღნიშნული კომენტარები შესწავლილი და შეფასებული იქნეს კანონპროექტის განხილვის დროს.

ინიცირებული პროექტის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იგი საჯარო კონსულტაციის მიღების მიზნით უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე. ასევე, წამყვანი კომიტეტი შეისწავლის და აფასებს საჯარო კონსულტაციების გზით მიღებული კომენტარების მიზანშეწონილობას და საჭიროების შემთხვევაში, ასახავს მათ კომიტეტის დასკვნაში.

 

შეფასება/რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვის მიმართულებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • ვინაიდან ელექტრონული დემოკრატიის პრინციპები ახლა ინერგება საქართველოში და მომხმარებლების რაოდენობა მცირეა, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;

  • საკანონმდებლო ინიციატივა ან პეტიცია, რომელიც არასრულყოფილად არის შევსებული ან შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა, არ უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა  პარლამენტის ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სტატისტიკური ინფორმაცია ყველა შესული ინიციატივის შესახებ, სათაურის, ავტორის და უარის მოტივის მითითებით;

  • საკანონმდებლო ინიციატივისა თუ პეტიციის ხელმომწერებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მიიღონ სიახლეები ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით;

  • პეტიციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონული პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით, სასურველია, რომ მათზე დინერგოს კომენტარების სისტემა, რომელიც მოქალაქეებს დისკუსიის საშუალებას მისცემს.

 

-----------------------------------

* ეს ბლოგი მომზადდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” დაფინანსებული პროექტის „პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების“ ფარგლებში . ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

petttt

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით