პარლამენტს ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

16 ნოემბერი 2017

ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანია ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვის მეტი გარანტიების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა წარმოდგენილ წინადადებაზე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მსჯელობის საგანი ასევე იქნება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებული სასჯელის გამკაცრება. ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა იმგვარი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, რომელიც ამ კუთხით უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს

წარმოდგენილი წინადადებით:

  • სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათ რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება

  • გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიც, კერძოდ დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის,  მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე

  • კომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ფართოვდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ხდება მითითება კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონტროლის ორგანიზებაზე

საკანონმდებლო წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14697

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით