იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარედგინა პარლამენტს (ბიუროს 116-ე სხდომა)

13 დეკემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა იურიდიული დახმარების შესახებ და ადვოკატთა შესახებ კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა, რომლის შესაბამისად:

  • ფართოვდება იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამ კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან. (ასეთი ტიპის დავები შესაძლოა იყოს როგორც საოჯახო, უძრავ ნივთთან დაკავშირებული, ასევე სხვა ტიპის დავებიც)

  • ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ხდება ვალდებული საბჭოს წევრად, ღია კონკურსის წესით, შეარჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება

  • დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების მიმართ როტაციის წესი

  • იურიდიული დახმარების საბჭოს რჩება უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მანდატის გაფართოების მიზნით დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14884

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტორი საჯარო სამსახურის ბიურო) საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, (ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა) ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი

  • გათვალისწინებულია ბიუროს უფლებამოსილებად რეკომენდაციების შემუშავება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით.  საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება, ბიუროს რეკომენდაციისა და აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14878

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა  განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • განიმარტება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები. ამ ეტაპზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერმინთა ნაწილი სხვადასხვა სახით არის განმარტებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში. შესაბამისად კანონს ემატება „ტერმინთა განმარტების“ ნაწილი

  • გათვალისწინებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცება

  • ითვალისწინებს გარდამავალი ეტაპის არსებობის აუცილებლობას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეთ ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებისათვის საჭირო დრო

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ცალკე პროგრამის სახით

  • კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდეს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14879

4. ბიუროზე დარეგისტრირდა გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ასევე თანმდევ 7 კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად წარმოდგენილ კანონპროექტებში ტერმინი „პრემია" იცვლება ტერმინით -  „ჯილდო", გარდა ამისა:

ცვლილებები პატიმრობის კოდექსში:

  • განისაზღვრება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები დადგინდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით (შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის პროექტიდან გამომდინარე იქმნება სამართლებრივი საფუძველი)

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14877

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით