ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ინიციატივები წარედგინა პარლამენტს

14 დეკემბერი 2017

ბიუროს 119-ე სხდომა

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ი. ფრუიძე, თ. ჩუგოშვილი, ე. ბესელია, გ. კახიანი, კ. კუჭავა, გ. მაღრაძე) ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ.  წარმოდგენილი ინიციატივებით:

  • ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლასა და მონიტორინგს განახორციელებს ეთიკის საბჭო. საბჭო განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.

  • ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

  • ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან); ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო

  • საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ კოდექსის ნორმები

  • საჩივრის წარდგენა დასაშვებია შესაბამისი ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუმეტეს ერთი თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირების მიმართ

  • დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით); ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში). ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

  • ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და დისციპლინური სანქციის მითითებით

  • ეთიკის საბჭო ამზადებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე; საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომები დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს საჯაროდ;

  • პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში

რეგლამენტის პროექტის მიღებით, სამდივნოსათვის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა განისაზღვროს საშუალოდ 3 ერთეულით. ასევე განისაზღვრება რომ ფიცის ტექსტის გარდა პარლამენტის წევრი ხელს აწერს აგრეთვე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დაცვის თაობაზე ტექსტს

კანონპროექტი და დადგენილება ეთკის კოდექსზე იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14921


2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების: ი. ფრუიძე, თ. ჩუგოშვილი, გ. კახიანი, კ. კუჭავა, გ. მაღრაძე, ე. ბესელია ინციიატივა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ (ავტორი:პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი), რომლის თანახმად:

  • ზუსტება საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხები (მათ შორის განისაზღვრება რომ თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ 11 საჯარო შეხვედრა, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, მოქალაქეთა მოსაზრებების დასაფიქსირებლად, შეიმუშავებს სპეციალურ ფორმას, რომელიც დარიგდება შეხვედრებზე და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე და ა.შ.)

  • განისაზღვრება რომ პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთ ან ორწლიანი სამოქმედო გეგმები მომზადდება და გასაჯაროვდება ყოველი წლის დასაწყისში

  • იცვლება საბჭოს დასახელება ჩამოყალიბება როგორც „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“

  • განისაზღვრება პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაციის ვალდებულება და ასევე აგრეთვე ღია მმართველობის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობის წესი

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14917

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით