აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას

05 ივნისი 2017

2017 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ ახალი კანონის პროექტის მიღების შესახებ. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის  მიზანია დახვეწოს კანონმდებლობა, სრულყოფილი, გასაგები და გამჭვირვალე გახადოს საკუთრების ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამასთან, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს, ექსპროპრიაციის პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მესაკუთრეთა უფლებების უკეთ დაცვასთან, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში განხორციელებასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ერთი მხრივ, დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას გამარტივდეს  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესთან დაკავშირებული პროცედურები. თუმცა,  მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის არსებული წესით მიღება ვერ უზრუნველყოფს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსს, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ასანაზღაურებელი წინასწარი, სრული და სამართლიანი კონპენსაციის მიღებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩამორთმეული ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.  

კანონპროექტის თანახმად:

  • ამომწურავადაა განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები, რა დროსაც წარმოიშობა საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებლობა.

  • განსაზღვრულია მორიგებით და იძულებით განსახლების პირობები და წესი, კერძოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვეაში პროექტის განმახორციელებელი საექსპროპრიაციო ქონებას იღებს ამ ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. იძულებითი განსახლებისას სახელმწიფო  ქონებას იღებს სასამართლოს მეშვეობით ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით.

  • ექსპროპრიაციის უფლების მოპოვება დაყოფილია სამ ეტაპად: წინასაექსპრიაციო, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპები.

  • ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპაზე სამუშაოების ან/და პროექტის განმახორციელებელი ახდენს საკუთრების რეგისტრაციას და აძლევს ვადას მესაკუთრეს ქონების გამონთავისუფლებისათვის.

  • მესაკუთრის მხრიდან საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე დავის შემთხევაში განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

კანონპროექტიდან მომდინარე საფრთხეები:

  • სახელმწიფოსთან მიმართებით ე.წ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეებს არათანაბარ, ხოლო სახელმწიფოს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს - კანონპროექტის თანამხად,  ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და  მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, რაც გულისხმობს ქონების მის საკუთრებაში გადასვლას. შესაბამისად, მას აღარ უნდა დასჭირდეს ხელახალი სასამართლო დავა იგივე ქონებაზე. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ  ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტი მერვე მოწვევის პარლამენტმა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გააუქმა, რასაც საკმაოდ ნეგატიური შეფასება მოჰყვა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. დღეის მდგომარეობით მოცემული კანონპროექტის შესაბამისად, სხვა ყველა მესაკუთრისაგან განსხვავებით  ფაქტობრივად მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც ექსპროპრიატორს აქვს უპირატესობა ისარგებლოს ამ უფლებით.  კერძო მესაკუთრეს კი იმავე უფლებით სარგებლობისათვის უწევს მიმართოს სასამართლოს, რაც დამატებით დროსა და რესურს საჭიროებს.

  • საკომპენსაციო თანხაზე დავა მოქალაქისათვის არაგონივრულად დიდი დროის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს - სამართლიანი კონპენსაციის შესახებ დავის მიმდინარეობისას, კანონპროექტი არ ითვალსიწინებს მოქალაქის უფლების დაცვისათვის დავის დაჩქარებული პროცედურებით წარმართვის შესაძლებლობას. მაშინ, როდესაც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისათვის საკითხი უმოკლეს ვადაში წყდება.

  • ექსპროპრიაციის შემდეგ გამოუსადეგარი ქონებისათვის ანაზღაურების წესი -  შესაძლოა ექსპროპრიციის შემდგომ ქონება დაიყოს ისე, რომ დარჩეს მიწის ნაკვეთები რომელთა შემდეგში გამოყენება შეუძლებელია. კანონპროექტში არ არის გაწერილი პროცედურები, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მესაკუთრემ დარჩენილი, გამოუსადეგარი ქონების ანაზღაურების მოთხოვნით  (მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში).  

ჩვენი რეკომენდაციები

  • ე.წ.საპოლიცო გამოსახლების ინსტიტუტის შემოღების შემთხვევაში იგივე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს სხვა მესაკუთრეებს;

  • საკომპენსაციო თანხაზე დავის შემთხვევაში კანონპროექტსა და შესაბამის თანმდევ აქტებში გაიწეროს დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა;

  • აუცილებელია მიეთითოს ექსპროპრიციისას, ქონების დაიყოფის შემდგომ, დარჩენილი მიწის ნაკვეთებზე ანაზღაურების მიღებისათვის დავის განმხილველი ორგანო/სასამართლო და შესაბამისი პროცედურები.

ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას, რათა თანაბრად იქნას დაცული ერთის მხრივ სახელმწიფოს, როგორც ექსპროპრიატორის, ასევე მოქალაქეთა საკუთრების უფლება. აუცილებელია  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების დაბრკოლებებისა და ხელშეშლის გარეშე განხორციელება, თუმცა მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილმა კანონპროექტმა მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესი სრული და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაზე სათანადოდ უნდა უზრუნველყოს.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით