თბილისის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები იზრდება

27 მარტი 2018

ბიუროს 144-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლ. წევრების (ზ. გაბუნია, ა. თალაკვაძე, მ. ჯაში, ბ.ოდიშარია, ალ. ქანთარია) ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ცალკე მუხლით, დამატებით, შემოდის სამართალდარღვევები  გაზრდილი ჯარიმებით. კერძოდ:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე და ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა), იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000ლარიან ჯარიმას (ნაცვლად 500 ლარისა).

  • დასჯადი ქმედება ხდება თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანებაც, მკაცრდება  კულტურული მემკვიდრეობის  ზონაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა. 

  • თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, (მათ შორის სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა ნებისმიერ მოძრავი საშუალების გამოყენებით) გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა).

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15374

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ზ. გაბუნია, გ. ენუქიძე, დ. სონღულაშვილის ინიციატივა (ავტორი: თბილისის მერია), ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ რომლის შესაბამისად:

  • საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, ნაცვლად  ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით.

  • დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: თითოეული კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4  ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარს    

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15372

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა უმაღლესი იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • 2019 წლის 1 იანვარიდან უფასო იურიდიული დახმარება არასრულწლოვანი მოწმის გარდა, ასევე გათვალისწინებულია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისთვისაც.

  • ამ პირებთან მიმართებით უფასო იურიდიული დახმარების დანიშვნის საფუძვლებს ემატება შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი სისხლის სამართლის კოდექსით მითითებულ  შესაბამის დანაშაულებზე  გამოსაკითხი პირი/მოწმეა.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15375

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით