სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა

27 მარტი 2018

ბიუროს 144-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,  რომელიც შეეხება სარეაბილიტაციო არეალში მრვალაბინიანი სახლების რეაბილიტაციის განხორციელების წესების ცვლილებებას, კერძოდ:

  • მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ შენობას რეაბილიტაციის შემდეგ საერთო ფართის 5%-ზე მეტი დაემატა, რომლის ფუნქციონირება დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, წარმოადგენს რეაბილიტატორის საკუთრებას, მაგრამ სჭირდება სხვა მესაკუთრეების თანხმობა საკუთრების რეგისტრაციისთვის. ცვლილების მიხედვით, რეაბილიტატორი თავის ასეთ საკუთრებას დამოუკიდებლად დაირეგისტრირებს და რეგისტრაცია განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი არ არის იზოლირებული და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილება:

  • ცვლილებით განისაზღვრება რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების განხორციელებისას, თუ განმახორციელებელი არის თბილისის მუნიციპალიტეტი,  თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ ან/და სსიპ, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ბინათმესაკუთრეთა შესახებ კანონში ცვლილება:

  • ზუსტდება რომ  ბმა-ს კანონით გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევა და ამ კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები არ გავრცელდება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონით ზემოთმითითებულ შემთხვევაზე

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15362

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქციის  „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში  და თანმდევ კანონებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ერთ სამართლებრივ რეჟიმში ექცევა სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორია ობიექტები

სპორტის შესახებ კანონში ცვლილებები:

  • ითვალისწინებს სპორტის სამინისტროს მხრიდან  სპორტული ობიექტების რეესტრის წარმოებას, რომელშიც უნდა იქნეს შეყვანილი ყველა სპორტული ობიექტი და სპორტული ბაზა. სამინისტრო და შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობის მუნიციპალიტეტი იქნება ვალდებული განახორციელოს ყოველწლიურად მონიტორინგი სპორტული ობიექტების და ასევე ერთობლივად ახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას.

ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები:

  • ითვალისწინებს თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ობიექტების რეესტრის წარმოებას  (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები)

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15366

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით