სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ მთავრობის ინიციატივა პარლამენტს წარედგინა

06 მარტი 2018

(ბიუროს 137-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ახალი კანონისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ, რომლის შესაბამისადაც იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, იგი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე.  ინიციატივის შესაბამისად:

  • ინსპექტორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ასეთი პირი უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით, კანიდატებს შეარჩევს საკონკურსო კომისია.

  • ინსპექტორი წარადგენს ანგარიშს პარლამენტში ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტისა, ხოლო სპეციალურ ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს

  • საქართველოს პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის და/ან საპარლამეტო კომიტეტის სხდომაზე

  • განისაზღვრება ქვემდებარეობა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მათ  შორის ასევე ინსპექტორის უფლებამოსილება ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას  მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. იგივე ერთეული უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივ დევნას და მხარს დაუჭერს სახელმწიფო ბრალდებას. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული უშუალოდ მთავარ პროკურორს დაექვემდებარება.

ვრცლად იხილეთ კანონპროექტთა პაკეტი: https://info.parliament.ge/#law-drafting/15233

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა სამოქალაქო  და საგადასახადო კოდექსებში  ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანია სოციალური შეღავათების დაწესება მრავალშვილიანი მშობლისთვის. უფრო ზუსტად:

  • პროექტით ხდება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შემოღება. კერძოდ, ასეთად განისაზღვრება  პირი, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები

  • მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები

  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება  მთავრობის დადგენილებით.

როგორც ინციატორი უთითებს ცვლილებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

ვრცლად კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15230

3. ბიუროზე დარტეგისტრირდა კახა კუჭავასა და გოგა გულორდავას ინიციატივა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ემატება ჩანაწერი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლის განმარტების შესახებ.  კერძოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15232

4. ბიუროზე დარეგისტრირდა კობა კობალაძის ინიციატივა  სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს შეუნარჩუნდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება და აგრეთვე, არ შეუწყდება წარმოშობილი უფლება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების თაობაზე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15206

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით